მე -- მდინარე
by nino_ami @nino_ami
- 56
- 2
- 2
* * *
– ხმა ამოიღე, შენ მომიკვდი, ზარმაცი შვილი არ მინდა, ნურც მყოლია, ჩემი ხელით მოგკლავ, წაგაწყვეტ მაგ გაწიებულ თავს! – უსასრულოდ ჩამესმის თავში და ვუჩქარებ ნაბიჯს. თეთრი კედელი მიახლოვდება. ვჩერდები, ვტრიალდები და ახლა კარი მოდის ჩემკენ. მედდამ თუ შემომისწრო, დამაწვენს. მე კი ძილშიც ეს წყევლა-კრულვა მესიზმრება, ჯურღმულები და დედაჩემისგან გაქცევა. ისევ სიარული სჯობია, სიარულისას ვფიქრობ და მშველის.
რას ვფიქრობ და იმას, რომ ვარ მდინარე, რომელშიც დედაჩემი შემოდის ბავშვობაში, მე კი ვდიდდები და ვახრჩობ ჩემში. მერე გვამს გავრიყავ და, რომ იპოვნიან, წაასვენებენ, აბა, იქ ხომ არ დატოვებენ. დედამისიც წყევლა-წყევლით დამარხავს და მიაფარებს მიწას.
გუშინ ექიმების გუნდს შევხვდი. ქანდარზე შემომსხდარიყვნენ და კრიახობდნენ. შენა, კო-კო-კო, რამდენ თითს ხედავო, მეკითხებოდა ექვსთითა ექიმი. კრია-კრია-კრია, არიპიპრაზოლმა თუ იმოქმედაო, ერთმანეთში ბჭობდნენ. მე ამ პიპრაზოლებს ენის ქვეშ ვინახავ და ფანჯრიდან ვაფურთხებ ხოლმე. არ მინდა, გამთიშონ და არ შემეძლოს ფიქრი. ფიქრი მაბრუნებს წყევლა-კრულვიან დედაჩემთან და ვუმტკიცებ,
რომ მეც ღირსი ვარ სიყვარულის, მათემატიკის ორიანების მიუხედავად. არაო, ისაც მიკვირის, ჩემს შვილს როგორ უნდა აჯობს მეწისქვილე კაკოს მანანას წვინტლიანმა ბალღმაო. ეგ მანანა მთელი ბავშვობა ჩემთან შეჯიბრში იყო, ვერ მაჯობა და ახლა შვილით მიჯოკრავსო.
ნეტავ რამ გააბოროტა დედაჩემი. დედების უნდა ეშინოდეთ თუ უნდა უყვარდეთ? თქვენ გეშინიათ დედათქვენის? მე მეშინია. მიყვარდა და მეშინოდა. ახლა მარტო მეშინია. სიყვარული რა არის, არ მახსოვს, ყველაფერი გაცვეთილ-გაცრეცილსა და გახუნებულს ჰგავს. ან დავბრმავდი ანაც რაღაცაა ჩემს თავს, ფერები რომ მიხუნდება გარშემო. არც ბოლომდე მთიშავენ, რომ ვერაფერი გავიგო და ვარ ასე. ალბათ
ჯოჯოხეთი ასეთია, სამუდამო საწამებელი. სიმშვიდე მინდა და ვერ ვპოულობ. მარტო სიარულისას ვხვდები პირისპირ გონებაში და ვუმტიცებ...
არ მინდა გიყვარდეო, მეუბნებოდა დედაჩემი, შვილი გაზარდე მტრულადაო, შვილთან მეგობრობა რაღას მაქნისიაო. დამივიწყე, გძულდეო. ან ყველა დედა ამას ეუბნება შვილს, ან ვინც ეუბნება, ის დედა არაა.
დედას მარტო პატარა ვუყვარდი. იზრდებიან და ვირდებიანო, 13 წლისაზე ამბობდა, ჩემზე. მოფერება არ მახსოვს. წყევლა, დაბრალება და ცემა. ხომ დამაბრალა, შენი ორიანების გამო დამცვივდა კბილებიო, მანერვიულეო. დამაბერეო.
თქვენ გეჯიუტებათ დედა? გამოწმებთ? გამუდმებით ეჭვიანობს? დედა არ ყოფილა. ახლაღა ვხვდები, მე 13 წლიდან დედა არ მყოლია. არა, არც ადრე. რაც თავი მახსოვს, მცემს. ცემა წამალიაო. ცემა ასუქებსო. ცემა ჯანმრთელობააო, ტირილი -- სიჯანსაღე ფილტვებისთვისო. სიმწრისგან დაბერილ ყელს და გასკდომამდე მისულ გულს არაფერი ესაქმება, როცა შენთვის ჯანმრთელობა უნდა შენს საკუთარ დედას...
* * *
თქვენი ჭირიმე, ექიმო, თქვენი გულის ჭირიმე, გამოუშვით. დიეტაზეც მეყოლება და წამალსაც არ გამოვატოვინებ. ვიცი მე, მაგისი წესრიგი როგორ უნდა. მე ჩამაბარეთ, – ემუდარება დედა ექვსთითას და წამლების ჩამონათვალს იწერს ჟურნალიდან. შენ მომიკვდი, – უხმოდ, მომუწული ტუჩების ცმაცუნითა და დავიწროვებული თვალებით მანიშნებს შორიდან დედა. როგორ ვარცხვენ, რომ უწევს ფსიქიატრიულში სიარული. შევარცხვინე მთელს სანათესაო-სამეზობლო-სამეგობროში. მანანას წვინტლიანი ბალღი ’ბიზმესმენი’ დადგა და მე კი საგიჟეთში დავატარებ შეხვედრებზე დედას. როგორ გადამიხადა წვალება, კაცი დამდგარიყოო. ამისთვის ვიშრომე და რად მიქცია სიბერეო, დედამ.
* * *
ჩვენი გახუნებული ქუჩის გახუნებული სახლის გახუნებულკედლებიან ოთახში დავდივარ. ხან კედელს ვეფერები, ხან კარს. ყოველ მისვლისას ხელს ვკიდებ და ვამოწმებ, როგორია. კედელი ცარციანი, კარი – ხიჭვებიანი. ვიძრობ ხიჭვსა და ვიწუწნი სისხლს. რა კარგია სისხლის გემო... ბავშვობა გამახსენა. ჰგონია, მძინავს. მე დავდივარ და ველაპარაკები. ველაპარკები, თითქოს პატარაა და ვუხსნი, რომ როცა
გაიზრდება, არასდროს უთხრას შვილს, რომ არ უყვარს, არ უთხრას, რომ მოკლავს, არ უთხრას, რომ ქვა დაჰბადებოდა, ის ერჩივნა მის ოროსნობას... პატარა დედაჩემს კი არ ესმის, რას ნიშნავს მოკვლა და საილუსტრაციოდ გავდივარ დიდი დედაჩემის ოთახში და ვაფარებ ბალიშს სახეზე. არ ჩერდება ფართხალი, ჩემი კრიახა ექიმები მახსენდება, რომ დაფართხალებენ ხოლმე. ბოლოს წყდება და ვბრუნდები ოთახში,
მოვნახო პატარა დედაჩემი... ვერ ვპოულობ. დედა აღარ გამიჯავრდება, თავის საწოლშია, ვერ ადგება. სამზარეულოს დანებს ვალაგებ მაგიდაზე, ვარჩევ მჭრელსა და ვისერავ მაჯებს... მთბილა და ბავშობის გემოს ვეწაფები, ცემით გახეთქილი ტუჩიდან წამოსულ სისხლს რომ ვიწუწნიდი ხოლმე...

2 comments
shaun_levin
Teacher Plus@nino_ami Deeply moving and powerful writing, Nino. Your lyrical and direct tone, and your willingness to go to the heart of the story, make this a compelling read. Keep writing!
nino_ami
@shaun_levin Thank you! <3
Log in or join for Free to comment