ჩემი ბავშვობის ავტობუსები
di nino_ami @nino_ami
- 49
- 0
- 0
ალბათ ძალიან გამიმართლა, სოფელი რომ გვქონდა. თანაც სოფელი, სადაც დიალექტზე ლაპარაკობდნენ. და გამიმართლა, მანქანა რომ არ გვყავდა, რადგანაც ავტობუსით გვიწევდა ხოლმე მგზავრობა და ერთ მოცუცქნულ სივრცეში ამ დიალექტზე მოსაუბრე ადამიანების ლაპარაკში ბევრ უცნაურ სიტყვას ვიგებდი, სტანდარტული ქართულისგან განსხვავებულს, რომელთა მნიშვნელობა არ ვიცოდი, და რომლებზეც მერე დიდხანს ვფიქრობდი. ეს უცნაური გასართობი მარტო ჩემი იყო.
განსაკუთრებით მაშინ გამიმართლა, ძველი და მერე უკვე საშუალი ქართულის ნაწარმოებების სწავლა რომ დავიწყეთ სკოლაში. ამ ძველი პერიოდების ფორმების მსგავსი იყო ზოგი დიალექტური ფორმა. იდენტური არა, მსგავსი, ოდნავ განსხვავებული. ხოდა მაგ დროს უკვე პასტა და პატარა ბლოკნოტი დამქონდა ხოლმე მგზავრობებისას და ვიწერდი, ვადარებდი ძველი ქართულის ფორმებს და ვფიქრობდი, რომ აზრი გამომეტანა და დიალექტური ფორმების მნიშნელობებს მივმხვდარიყავი.
ბლოკნოტი უკვე შენიშნეს ჩემებმა და ეცინებოდათ, მეხუმრებოდნენ ხოლმე. ის ბლოკნოტები ალბათ აღარ არსებობენ, რომელიმე დედაჩემმა თუ არ შეინახა.
სოფელში ჩასულს, ზამთარში, ციგაობას არაფერი მერჩია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩამოსრიალებაზე მეტად ციგის ატანა მიყვარდა ხოლმე სიმაღლეზე, მაგ დროსაც ფორმებზე ვფიქრობდი და მსიამოვნებდა.
ალბათ არსებობენ ბავშვები, ვისაც ფორმებთან ჩხირკედელაობა მოსწონთ. და ეს თამაში რომ სერიოზულ ინტერესად ექცეთ, სჭირდებათ სოფელი, სადაც სტანდარტულისგან განსხვავებულ ენაზე თუ არა, დიალექტზე მაინც ლაპარაკობენ. და კიდევ სკოლა, სადაც საკუთარი ენის ძველ შრეებში ჩაახედებენ.
ხშირად მაგონდება ჩემი ბებიების თაობის მოხუცები -- ცოლ-ქმარი მარო და თედო, კიდევ ერთი მარო და მისი ძმა მახარა, რომელთა ლაპარაკი ძალიან მიყვარდა და ისე წავიდნენ, არცერთხელ არაფერი ჩამიწერია მათი მონაყოლი. ძველი ავტობუსების ფოტოებსაც ვეძებდი, რომ დამედო და არცერთი არ ჰგავს ჩემს ავტობუსებს, იმათ, სადაც ფორმებზე ვფიქრობდი. მარტო ჩემს მეხსიერებაშია.

0 commenti
Accedi o iscriviti gratuitamente per commentare